
„ლი იაკოკას წინწკლებიანი მუსტანგი“ – ანუ მარკეტინგმა რა ჰქმნა
თუ თვალები დაგიხუჭავთ და თქვენი თავი თაკარა მზეზე, ამერიკულ ავტობანზე
წარმოგიდგენიათ, აუცილებლად იგრძნობდით ქვიშის სურნელს და ასევე აუცილებლად
წარმოიდგენდით რომ Ford Mustang-ით ფარავთ მრავალრიცხოვან კილომეტრებს
შტატიდან შტატამდე. შეიძლება თქვენს წარმოსახვაში Mustang-ი ყვითელია,
წინწკლებიანი, ან თუნდაც თვალისმომჭრელი წითელი, მაგრამ წყალი არ გაუვა იმ
ამბავს, რომ ამ წარმოდგენებში სწორედ მუსტანგში ხართ… იმიტომ, რომ არ არსებობს
წარმოსახვითი ამერიკაც კი – მის გარეშე… რადგან ამერიკულ ოცნებას სწორედ Ford
Mustang-ი განასახიერებს – ეს კი მისმა „მარკეტინგმა ჰქმნა“, რომელსაც მაშინ გენიალური
მენეჯერი, ლი იაკოკა ედგა სათავეში.
Mustang-ის შექმნა Ford-ისთვის ძალიან აზარტული ნაბიჯი იყო – დიდი ექსპერიმენტი,
რომელიც პირველად ნიუ იორკის მსოფლიო გამოფენაზე, 1964 წლის 17 აპრილს
წარადგინეს და მისი ფასი მაშინ 2000 დოლარზე ცოტა მეტი იყო. ეს კარგად დაგეგმილი
მარკეტინგული ხრიკი იყო. ჯერ ხმაური და მოლოდინი შეიქმნა, შემდეგ კი
ავტომობილის ხელმისაწვდომობამ მისი გაყიდვები რეკორდულ მასშტაბზე აიყვანა.
მხოლოდ პირველ დღეს 22 000-ზე მეტი ავტომობილი გაიყიდა. ეს იყო ორიგინალური
ხედვის, რისკისა და იღბლის ამბავი, რომელმაც გაამართლა და Ford Mustang-ის
ხანგრძლივ და საინტერესო ისტორიას დაუდო დასაბამი.
1961 წელს ფორდმა წამოიწყო “Project Genesis”, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი
კომპაქტური მანქანის შექმნას, რომელიც დაამყარებდა ბალანსს სტილს, შესრულებასა
და ხელმისაწვდომობას შორის. მიუხედავად მრავალმხრივი და წარმატებული
მარკეტინგული სტრატეგიისა, Ford Mustang-ის პირველი მოდელის კამპანიაში ყველაზე
შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი მაინც ის საიმიჯო ვიდეო იყო, რომელშიც პირველი
მოდელი Empire State Building-ის სახურავზე განათავსეს…
ამ სარეკლამო კლიპის შემდეგ ავტომოყვარულებში კიდევ უფრო დიდი მოლოდინი გაჩნდა და იმატა მისი დასაკუთრების სურვილმა. ვიდეოკლიპმა შეაღწია სახლებში, ოჯახებში, დიდი და პატარა მასზე საუბრობდა, ოცნებობდა და შემდეგ, როცა გააცნობიერა, რომ ამ ოცნების
ასრულება არცთუ ისე ძვირი იყო, კიდევ უფრო გამძაფრდა სურვილი და მოლოდინი.
1964 წელს Mustang-ის გაშვებამ უდიდესი გავლენა მოახდინა საავტომობილო
ინდუსტრიაზე. მან არა მხოლოდ შექმნა Pony Car-ის სეგმენტი, არამედ შთააგონა
კონკურენტებიც… მისი გავლენა ავტოინდუსტრიის ჩარჩოებს გასცდა და ხელოვნებასაც
მისწვდა. Mustang-ს ძალიან ხშირად აჩვენებდნენ ტელევიზიით, სატელევიზიო
გადაცემებსა და მუსიკალურ კლიპებში, იღებდნენ ჰოლივუდურ ფილმებში, რაც
ავტომობილს პოპულარობას მატებდა და პირდაპირ პროპორციულად მატებდა ფასსაც.
წლების განმავლობაში მუსტანგი იცვლებოდა, თუმცა არ კარგავდა თავის ძირითად
ღირებულებებს. ეს არის ავტომობილი, რომლის პერსონალიზაციაც და თავის ხასიათსა
და გემოვნებაზე მორგებაც მფლობელებს დღემდე ძალიან უყვართ. ამიტომაც არის მის
ყველა მოდელში ინდივიდუალიზმი, ექსკლუზიურობა და მფლობელის პიროვნების
ავტო-გამოხატულება…