
ქალები „კაცების სამყაროში“ – ანუ, როგორ შემოიყვანა Ford-მა ქალები ავტოინდუსტრიაში
როცა მამაკაცებმა თავისთვის შექმნეს ავტოინდუსტრიის სამყარო, ვინ
წარმოიდგენდა რომ მათ ამ სამყაროს საჭესა და სადავეებში ოდესმე ქალი
შეეცილებოდა. ავტოინდუსტრია არის დარგი, სადაც გენდერული თანასწორობა
დღესაც არ არის მიღწეული, თუმცა ამმხრივ პროგრესი დიდია. და ეს პროგრესი
დიდი ძალისხმევის შედეგია, განსაკუთრებით კი იმ ბრენდების დიდი
ძალისხმევისა, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობენ ამ გენდერული სტერეოტიპის
დამსხვრევაზე.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ასეთი ბრენდი არის ford-ი, რომელსაც
უდიდესი ძალისხმევა აქვს ჩადებული გენდერული ბალანსის მხარდამჭერ
კამპანიებსა და ფემინისტურ აქტივობებში. მოდით ამ პატარა ბლოგში
შევაჯამოთ, თუ როგორი იყო ამმხრივ Ford-ის ძალიან დასაფასებელი სტრატეგია
წლების განმავლობაში.
როდესაც ფორდის მსგავს კამპანიებზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს
მხედველობიდან ის ძალისხმევა, რაც ამ ბრენდმა ძუძუს კიბოს შესახებ
ცნობიერების ამაღლებაში ჩადო. Ford-ის კამპანია სახელწოდებით Warriors in
Pink 1993 წელს დაიწყო და მის ფარგლებში მოქცეული აქტივობები ძუძუს
კიბოთი დაავადებულთა მხარდამჭერ ფონდებში დონაციისკენ არის მიმართული.
Ford-ი უკვე 30 წელზე მეტია ამ კამპანიას წარმართავს და ძუძუს კიბოთი
დაავადებული ქალების გაძლიერებას ცდილობს. ერთ-ერთი განსაკუთრებით
დასამახსოვრებელი ამბავი ამ კამპანიის ფარგლებში გასულ წელს მოხდა. Ford
Motor Company-მა და VML-მა ინოვაციური ღვედი შექმნეს, რომლის მიზანიც
მკერდმოკვეთილი ქალებისთვის დისკომფორტის შემცირებაა. იმ
დისკომფორტისა, რომელიც ღვედის შეხებით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია ის
ფაქტი, რომ VLM-ის შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც ამ
პროექტს წარმართავდა შესანიშნავად იცოდა ეს შეგრძნებები, რადგან თავად
გადაიტანა რამდენიმე წლის წინ მკერდის მოკვეთის ოპერაცია. შთაგონების
წყაროც სწორედ ეს იყო მისთვის…
Ford-ის კიდევ ერთი კამპანია, რომელიც ფემინისტურ იდეებს მიჰყვება არის
„ქალები ინდუსტრიაში“, რომელიც თავის მხრივ უფრო დიდი კამპანიის Built Ford
Proud-ის ნაწილია. ეს კამპანია ემსახურება ქალების როლის წარმოჩენას
ავტოინდუსტრიაში. მაგალითად, ქალი ინჟინრების, ავტომობილის
დიზაინერების, ტესტ-დრაივერებისა და ლიდერების, რომლებსაც წვლილი
შეაქვთ კომპანიის განვითარებასა და ინოვაციურ გადაწყვეტებში.
მოკლემეტრაჟიან ფილმებში, რომლებიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში
შექმნეს, მრავლად შეხვდებოდით ქალებს, რომლებიც მუშაობენ Ford-ში და მათი
ყოველდღიური ცხოვრება ამსხვრევს სტერეოტიპებს „კაცების სამყაროს“ შესახებ.
ამ კამპანიის თვალსაჩინო მაგალითია ვიდეოციკლი ქალი ინჟინრების შესახებ,
რომელთაც შექმნეს Ford Mustang Mach-E.
ასევე, Ford-ის ინიციატივა სახელწოდებით Ford’s Girls’ Fast Track Races
ახალგაზრდა გოგონებს (7-13 წლამდე) შორის მინიატიურული მანქანებით
რბოლის ორგანიზებას ახდენს. ეს ღონისძიება აშშ-ში ტარდება ხოლმე მე და მისი
მიზანია ახალგაზრდა გოგონების ინჟინერიით დაინტერესება. ბრენდის კიდევ
ერთი კამპანია #SheDrives კი ქალი მძღოლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ეს
კამპანია საუდის არაბეთში 2018 წელს მომხდარი ამბის გამოძახილია, როცა
სახელმწიფომ გააუქმა შეზღუდვა ქალის საჭესთან დაჯდომაზე. ახლო
აღმოსავლეთში წამოწყებული ეს კამპანია მალევე გახდა პოპულარული.
კამპანიის ფარგლებში ახალი Ford Mustang-ი აჩუქეს საუდელ ქალს, რომელმაც
ერთ-ერთმა პირველმა მოირგო მძღოლის სავარძელი.
Ford-ის არსებობის განმავლობაში მსგავსი მაგალითები კიდევ ბევრია და ფაქტია,
რომ ასეთ კამპანიებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. ზოგადად ასეთი
პასუხისმგებლობიანი ბრენდები დღეს, თანამედროვე სამყაროში ხომ მხოლოდ
ავტომობილებს არ ქმნიან – ისინი ასევე ხსნიან გზებსაც, რომლებზეც ქალები
აღარ არიან სტუმრები – ამ სფეროში ისინი უკვე მასპინძლებიც გახდნენ, მაგრამ
ავტოინდუსტრიაში ჯერ ისევ შორია იდეალურ გენდერულ თანასწორობამდე.