
BMW M Experience – ადრენალინის აკუსტიკა
როდესაც ეფექტურ ავტომობილზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი რასაც
წარმოვიდგენთ ალბათ BMW M3-ისა და M5-ის მოდელებია. მათი მართვის
ამაღელვებელი გამოცდილება, ადრენალინი და შეგრძნებები, რომლებიც
სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში. აი სწორედ ამ შთამბეჭდავი მოგონებების
გაათმაგებულ ხარისხს გვთავაზობენ ლიმიტირებული CS (2024) ვერსიები,
რომელთაც სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავთ ის სრული სიგიჟე, რომელიც
ჩვენს გონებაში M3-ისა და M5-ის გამოცდილებებსა და მოზღვავებულ
ადრენალინს მოაქვს. ლიმიტირებული CS ვერსიები არ არის შექმნილი
გულმოდგინე ადამიანებისთვის. CS მოდიფიკაცია ავტომობილებს აქცევს
სარაკეტო ხომალდებად, რომლებიც აუცილებლად დაგვტოვებენ
სუნთქვაშეკრულს…
M3 და M5 არსითა და ხასიათით (და არამხოლოდ) ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული ავტომობილებია, თუმცა მათ მოდიფიცირებულ მოდელებს (CS)
საერთო ნამდვილად აქვთ ის, რომ საჭესთანაც და მგზავრის სავარძელზეც
ადამიანებს აგრძნობინებენ, რომ ისინი რაღაც განსაკუთრებულის
თანამონაწილენი ხდებიან. ამიტომ, არ ღირდა ეს შანსი ხელიდან გასაშვებად.
საქართველოში მცხოვრები ავტომოყვარულებიც იმსახურებდნენ ამ შეგრძნებასა
და გამოცდილებას. GT მოტორსის გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ
საქართველოს ბაზარზეც ყოფილიყო ეს ლიმიტირებული ავტომობილები და
შეეძინათ ან გამოეცადათ მათ, ვისაც არამხოლოდ უყვარს ეს ბრენდი, არამედ
შეყვარებულია მისი მართვით გამოწვეულ შეგრძნებებზე.
2024 წლის ივნისში ასფალტზე მათი დებიუტი შედგა … საქართველოში გაიმართა
ნანატრი BMW M Experience, სადაც 25 მოდელს შორის ეს ორი ლიმიტირებული
მოდელებიც იყო წარმოდგენილი. ეს იყო ადრენალინითა და აღფრთოვანებით
სავსე დღე, რომელიც GT მოტორსისა და SOLO-ს პარტნიორობით შედგა. ეს იყო
ძალაუფლების, ინოვაციებისა და ბრწყინვალების სინთეზი და დიდი ზეიმი
ავტომოყვარულებისთვის მთელი ქვეყნიდან. ღონისძიება, სადაც 3000-მდე
ადამიანი შეიკრიბა, რათა მოესმინათ BMW-ს ძრავების ხმით ნათქვამი
თავისუფლების ჰიმნი, შეეგრძნოთ ახალი, გაძლიერებული მუხრუჭი და კიდევ
ერთხელ გამოეცადათ სარბოლო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს
უშიშარი ალღო.
ეს ამბავი მოიცავდა ორ ძირითად აქტივობას: Driving Experience-ს, რომლის
დროსაც სტუმრები თავად მართავდნენ BMW M-ის ავტომობილებს, და Pilots
Experience-ს, სადაც პროფესიონალი პილოტების მართვისას მგზავრები სრულად
შეიგრძნობდნენ M მოდელების პოტენციალს. ასევე წარმოდგენილი იყო
ავტომატური პარკირების, Launch & Brake და მანევრირების აქტივობები.
ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ BMW-ს სერტიფიცირებული
ინსტრუქტორები, რომლებიც სტუმრებს ავტომობილების გამოცდის პროცესში
ეხმარებოდნენ.
საინტერესოდ მოსაყოლი ამბავია და ცოტა რომანტიკულიც, მაგრამ ამ ყველაფრის
უკან “BMW საქართველოს“ გუნდის უდიდესი შრომა დგას, რომლის წყალობითაც
საქართველოს საავტომობილო ბაზარზე BMW სრულიად ახალ ისტორიას წერს.
GT მოტორსის გენერალური დირექტორი, თემურ უსტიაშვილი ხაზს უსვამს, რომ
სწორედ ამ დაუღალავი შრომისშედეგია ის, რომ „BMW საქართველომ“ BMW
ჯგუფისგან საპრეზიდენტო ჯილდო მიიღო.
თემურ უსტიაშვილი აღნიშნავს: “კომპანია საავტომობილო ბრენდს
ოფიციალურად 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან წარმოადგენს, ეს მიღწევა კი
ბაზარზე მისი წარმატებული ოპერირების პირდაპირი შედეგია. აღნიშნული
ჯილდო “BMW საქართველოს” გუნდმა ოპერირების პირველივე წელს 44 ქვეყანას
შორის მოიპოვა”.
“BMW საქართველოს” გუნდი არის ერთგვარი ხიდი საქართველოში მცხოვრებ
ავტომოყვარულებსა და იმ ბრენდს შორის, რომელსაც ისინი დიდი ხანია
ეტრფიან. BMW ხომ ის ავტომობილია, რომელსაც სულ სხვანაირი ემოციები
მოაქვს და მფლობელისგან ექსკლუზიურ, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ –
„პირადულ“ დამოკიდებულებას ითხოვს. მან იცის შეყვარება საჭესთან
პირველივე შეხებით და მისი მეამბოხე ხასიათის პირველივე შეგრძნებით. ეს
სიყვარული და ეს მეამბოხეობა ძალიან ახლოს დგას საქართველოს ბაზარზე
არსებული მომხმარებლის ხასიათთან, მათ იდენტობასთან… ამიტომაც არ არის
გასაკვირი, რომ საქართველოს საავტომობილო ბაზარზე BMW-ს გაყიდვების
მაჩვენებელი მაღალია და რომ GT მოტორსმა მოახერხა გაეოცებინა პარტნიორები
და ყოფილიყო ლიდერი 44 ქვეყანას შორის.